მსოფლიო დღეს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების მიზეზები და შედეგები– ხედვა თბილისიდან

ქართველმა ექსპერტმა სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება შეაფასა.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავება, როგორც ჩანს, არის სომხეთზე აზერბაიჯანის ზეწოლის ფორმა და არა მასშტაბური საომარი მოქმედებების დასაწყისი, აღნიშნა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ექსპერტის აზრით, ზეწოლა უკავშირდება ზანგეზურის დერეფანს, რომლის უსაფრთხოებაც, აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის სატრანსპორტო კავშირის დამყარების მიზნით, სამი ქვეყნის (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს.

„აზერბაიჯანმა ზეწოლის ასეთი ფორმა აირჩია, ვინაიდან სომხეთი აჯანჯლებს შეთანხმების შესრულებას ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე, რომელიც რეგიონში აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს გახსნის“, – აღნიშნა არეშიძემ.

რაც შეეხება საქართველოს და მის, როგორც შუამავლის, როლს, არეშიძის თქმით, თბილისმა თავის თავზე აიღო გარკვეული ფუნქციები და პროცესში მონაწილეობს.
„საქართველომ შუამავლის როლი იკისრა და ამაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი აქტიურად მართავს შეხვედრებს სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან. იმართება მასმედიის წარმომადგენლებისა და პოლიტოლოგების შეხვედრები“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი სიტყვებით, შეხვედრების ყველა დეტალი არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს.
მსოფლიო დღეს
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მწვავდება: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
სამშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარს აღმოსავლეთისკენ შეუტიეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაატყვევეს 12 სომეხი სამხედრო, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის ათამდე ერთეული. არიან დაღუპულები და დაჭრილები სომხეთის მხარეს. მონაცემები ზუსტდება. ცნობილია ასევე, რომ სომხეთის მხარემ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შეწყდა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოლაპარაკებების შედეგად.
სიტუაციის გამწვავება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე: ბოლო ცნობები>>
სამხრეთ კავკასიის ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო 1918-1920 წლებში ერთმანეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღზე, ზანგეზურსა და ნახჭევანზე დავობდნენ (მოგვიანებით ყარაბაღი და ნახჭევანი აზერბაიჯანს დარჩა, ზანგეზური კი სომხეთს).
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიტუაცია სომხეთის საზღვარზე კვლავ დაძაბულია, გრძელდება საბრძოლო ოპერაციები. როგორც ბაქოში აღნიშნეს, სომხეთის ქმედებების საპასუხოდ განადგურდა სომხეთის სამხედრო ძალების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ნაღმმტყორცნები.