კულტურის სამინისტრო ლევილის მამულის სარესტავრაციო პროექტს გაეცნო

საფრანგეთში მდებარე ქართული მამული ლევილის აღდგენას საქართველოს მთავრობა 10 წლის შემდეგ დაასრულებს.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის რესტავრაციასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღო.
მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის მამულის რესტავრაციისა და იქ კულტურული კერის შექმნის პროექტის ხელმძღვანელობა კულტურის სამინისტროს გადასცა.
შესაბამისად, უწყებამ მამულის რესტავრაციის საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. კონკრეტული გადაწყვეტილება პარიზში საქართველოს საელჩოში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართულ ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ლევილის მამული კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის>>>
კერძოდ, სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება – შემუშავდეს ორანჟერეის სარდაფის ვენტილაციის პროექტი, რათა ახალრეაბილიტირებულ ორანჟერეას სარდაფიდან დაზიანება არ დაემუქროს. ასევე, გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს ლევილის მამულის ბაღის მოვლა და რეაბილიტაცია 2017 წელს მომზადებული ფიტოსანიტარიული ანგარიშის შესაბამისად.
ასევე უნდა ჩატარდეს ლევილის მამულის შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა აზბესტის შემცველობაზე, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავს შემოწმებას ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პროექტის დაწყებამდე.
„როგორც კი მოცემული დიაგნოსტიკის შედეგი დაიდება, უნდა დაიწყოს აზბესტისგან გაწმენდისა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს ორ კვირაში ლევილის მამულში საქართველოდან გაიგზავნება ქონების აღრიცხვის სპეციალისტებისგან შემდგარი 3–4 კაცისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულად აღწერს ლევილის მამულში არსებულ მოძრავ ქონებას და თითოეული ნივთის პასპორტიზაციას მოახდენს.

ამის შემდეგ კი მოიძებნება დროებითი სივრცე, სადაც მოცემული ნივთები განთავსდება მანამ, სანამ მამულში სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება.
კომპანია „სკოპინგს“, რომელიც საქართველოს დაკვეთით ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტზე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ზედამხედველობას 2018 წლიდან ახორციელებს, მიეცა გარკვეული დრო, რათა წარმოადგინოს მამულში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
„და, ბოლოს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაევალა ავთენტური მეგრული ოდის მოძიება საქართველოში მისი ლევილის მამულის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება
კულტურის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კულტურის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, ლევილის მამულის რესტავრაციის პროექტის კოორდინატორი გოჩა ჯავახიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ლევილის მამული და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ლევილის მამული საქართველოს საკუთრება ოფიციალურად 2016 წელს გახდა. მას შემდეგ მამულში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.