თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 13,7%-ით გაიზარდა და 206,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 36,25 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,5%-ია. 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 2,97%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
2021 წლის ცხრა თვეში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26,1%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 1.912,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. ამ ქვეყნიდან იანვარი–ოქტომბერში გადმოირიცხა 337,4 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 17,6%. 2021 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,8%-ით მეტია.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 30,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26,9%-ით მეტია.
2021 წლის პირველ ათ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 251,8 მლნ დოლარი, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 25,7%-ით მეტია.