ფოთის საკრებულოს დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ამ დროისთვის ათობით ადამიანი შიმშილობს.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ფოთში საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
სააკაშვილის თხოვნის მიუხედავად: ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო ის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, რათა გამოუსწორებელი შედეგები თავიდან იქნას აცილებული.
„21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, ეს მე მგონი, ძალიან სირცხვილია და სირცხვილზე კიდევ უარესი, მაგრამ ხელისუფლებას რადგანაც არ ესმის, ახალარჩეულმა საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართონ და დაიწყონ შიმშილობა. მივმართავ საზოგადოებას, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ჰუმანური აქტი, რომ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა“, - განაცხადა ცხვიტარიამ.
სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე შიმშილობს.
პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო
ოპოზიციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, შემდგომ მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობა 8 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავს.
სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა. სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების სრულად მიღებაზე.
რუსთავის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.