თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩეული კახა კალაძე უფლება-მოვალეობის შესრულებას 24 ნოემბერს შეუდგება, მეორე ტურში გამარჯვებული დანარჩენი 19 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები კი - 21 ნოემბერს, ინფორმაციას საქართველოს ცესკო ავრცელებს.
მერებისა და საკრებულოების დეპუტატების არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
ცესკოს ინფორმაციით, მერები უფლება-მოვალეობების შესრულებას საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ან, თბილისის შემთხვევაში, ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადებიდან მე-11 დღეს შეუდგებიან.
რაც შეეხება 64 ქალაქის საკრებულოებს, მათ პირველი სხდომები უნდა გამართონ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში. საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მიიღებს.