ავტომსვლელობა სააკაშვილის მხარდასაჭერად – კოლონა გლდანის ციხისკენ მიემართება

ათობით ავტომობილი ქალაქის გავლით გლდანის მიმართულებით სიგნალებით მიემართება.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ათობით ავტომობილი დროშებითა და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტებით ქალაქის გავლით გლდანის ციხისკენ მიემართება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება.
მოძრაობის უსაფრთხოებასა და წესრიგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.
ოპოზიციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მას შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს სხვადასხვა უწყებებთან ყოველდღიურად მართავს.
სააკაშვილის მხარდამჭერი ავტომსვლელობა: „ნაციონალური მოძრაობის" მორიგი აქცია თბილისში
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ შიმშილობა დაიწყო.