თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ავიაკომპანიები Flydubai და Air Arabia არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თბილისში დამატებით რეგულარულ რეისებს შეასრულებენ, ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების განცხადებაში.
კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Flydubai დუბაისა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 16 დამატებით რეგულარულ ფრენას.
რაც შეეხება ავიაკომპანია Air Arabia-ს, ის შარჯასა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 4 დამატებით რეგულარულ რეისს შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენების შესრულების ნებართვა აღნიშნულ მიმართულებებზე 12 ნოემბერს მისცა.
ამჟამად უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოკვეთის უფლება აქვთ, თუ წარმოადგენენ PCR–ტესტს კორონავირუსზე უარყოფითი პასუხით ან ორჯერადად აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს.