თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბორჯომში „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ბრალდებულმა „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ მოიზიდავდა ინვესტორს, რომელიც ბორჯომში ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას შეიძენდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა.
ამისათვის ბრალდებულსა და „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციას“ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მითითებული იყო, თითქოსდა ბრალდებულმა უძრავ ქონებაში 800.000 აშშ დოლარი გადაიხადა.
აღნიშნულის შედეგად ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში ასოციაციის კუთვნილ 4.652 კვადრატული მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.