თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ.
პირველი ცნობები საზღვარზე ვითარების გამწვავების შესახებ ორშაბათს გაჩნდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე ქვეყანაში შეიჭრნენ. ეს უარყვეს ბაქოში და, თავის მხრივ, სომეხ სამხედროებს ბრალი დასდეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ქელბაჯარის რაიონში.
სამშაბათს ნაშუადღევს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საზღვარზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ განცხადება გააკეთა.
„აზერბაიჯანის ჯარებმა მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს და თავს დაესხნენ იქ განლაგებულ სომხურ საგუშაგოებს. მოწინაღმდეგე იყენებს არტილერიას, ჯავშანტექნიკას და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ბაქოში კი, თავის მხრივ, ერევანი პროვოკაციებში დაადანაშაულეს.
„სომხური მხარის პროვოკაციაზე საპასუხოდ განადგურდა მოწინაღმდეგე მხარის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმტყორცნები. საზღვარზე დაძაბული სიტუაციაა, მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხური მხარის ცნობით, შეტაკების შედეგად ოთხი სამხედრო დაიჭრა, აზერბაიჯანი ორი დაჭრილის შესახებ იუწყება. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. გარდა ამისა, ცნობილია ტყვედ აყვანილი რამდენიმე სომეხი ჯარისკაცის და სომხეთის მხრიდან ორი საბრძოლო პოზიციის დაკარგვის შესახებ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქომ დაარღვია 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა პარტნიორს - რუსეთს, CSTO-ს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - „მკაფიო და მიზანმიმართული რეაგირება მოახდინონ აზერბაიჯანული მხარის ქმედებებზე". ასევე სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიმართა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოწოდებით.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, არსებულ დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა.
ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობები კვლავ ძალიან დაძაბულია, პირველ რიგში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო. გასულ შემოდგომაზე სამხედრო დაპირისპირების მორიგი ეტაპი დასრულდა აზერბაიჯანისთვის მომგებიანი შეთანხმების გაფორმებით: სომხეთმა დაუბრუნა ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები; რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. სომხეთში ამ დოკუმენტმა სამთავრობო კრიზისი გამოიწვია.
ივლისის ბოლოს საზღვარზე განახლდა შეტაკებები და გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, დაზავებაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, დაბომბვები გრძელდება.