თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ბათუმის სტადიონზე ქართველმა ახალგაზრდებმა ინგლისელ თანატოლებს შესანიშნავი თამაში შესთავაზეს. რამაზ სვანაძის გუნდიდან პირველი გოლი გიორგი გულიაშვილმა 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა. ამ გოლის შემდეგ მატჩის პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმის სტარტზე (47-ე წუთზე) „საბურთალოს“ ფორვარდმა დუბლის გაფორმება მოახერხა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის 65-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გოჩოლეიშვილმა („საბურთალო“) სოლო-რეიდი განახორციელა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ინგლისის ნაკრებმა მატჩის მიწურულს ორი გოლის გატანა შეძლო. კუთხურიდან თომას დოილის ჩაწოდების შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კლინტონ მოლამ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ბრიტანელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკ გეის გოლით დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წელს ევროპის ახალგაზრდული (U21) ჩემპიონატის მასპინძელია და ამიტომ შესარჩევ ეტაპზე არ ასპარეზობს.