პარლამენტმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარტია „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მანდატების მოხსნას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ორი ხაზარაძის შემთხვევაში, ხოლო ჯაფარიძის – არც ერთი.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პროტესტის ნიშნად განაცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.
ფრაქცია „ლელო“ მუშაობას პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გარეშე გააგრძელებს
პარტიებმა, რომლებსაც ეს პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ, არჩევნების მეორე ტურისთვის კოალიცია ჩამოაყალიბეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით და ამჟამად აქტიურად მონაწილეობენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.
სააკაშვილმა ოპოზიციას ციხიდან პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მაგრამ შემდეგ თავისი პოზიცია შეცვალა. ეს იმით დაასაბუთა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პარლამენტი ვერ მიიღებს შესწორებებს კონსტიტუციაში. გარდა ამისა, მისი თანამოაზრეები სადეპუტატო მანდატის გარეშე მის მონახულებას ციხეში ვერ შეძლებდნენ.