სამოსს საკუთარი დიზაინით ქსოვს და კერავს როგორც უფროსებისთვის, ასევე პატარებისთვის. ამზადებს ორიგინალურ აქსესუარებსა და ჩანთებს, ინტერიერისთვის ლამაზ კომპოზიციებსა და ნივთებს ქმნის. აკეთებს ლამაზ ზარდახშებს და მისალოც ბარათებსაც კი. ერთი სიტყვით, ცდილობს, რომ ადამიანის გარშემო გარემო ყველანაირად სასიამოვნო გახადოს. ასეთია მხატვარ–მოდელიერი ნაზი შალვაშვილი, რომელსაც ამ მასალით გაეცნობით.
ნაზი შალვაშვილი
© courtesy of Nazi Shalvashvili
- ქალბატონო ნაზი, ასეთი ხელმარჯვე რომ ხართ, ნიჭის გარდა, ვისი დამსახურებაა?
- თუ რამე კარგი მახსოვს და რამე მისწავლია, ყველაფერი ჩემი ბებოს მარიამ აფციაურის დამსახურებაა. იგი დედასავით მიყვარდა და დღემდე გულში მყავს. ბავშვობაში ბევრი ლამაზი დღე გვაქვს ერთად გატარებული. ბებო იყო ადამიანი, რომელზეც უსასრულოდ შემიძლია საუბარი. მოკლედ, ის ჩემთვის ქართველი ქალის ეტალონი იყო. უზომოდ კეთილი და მზრუნველი ბებო ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება.
- გამოდის, რომ თქვენი დღევანდელი საქმიანობაც მისი დამსახურებაა?
- ხელოვნებისადმი ნიჭი თანდაყოლილია, მაგრამ მას აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ამ კუთხით დიდი როლი სწორედ ბებომ ითამაშა. მას უამრავი ხელსაქმე ხელეწიფებოდა, პირველ რიგში, კერვა და ქსოვა, რასაც მეც მასწავლიდა. ჩვენ ერთად ვჩეჩავდით მატყლს, ძაფს ვართავდით. ბებო ნაირ-ნაირ წინდებს ქსოვდა ოჯახის წევრებისთვის და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო.
- კაბებსაც თავად იკერავდით?
- დიახ, ასე იყო. მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად საკუთარი ხელით შევიკერე კაბა. ეს იყო ჩემი გემოვნებით და დიზაინით შექმნილი პირველი მოდელი. თუ სხვა ბავშვებისთვის კაბებს ყიდულობდნენ, მე შემეძლო ისეთი კაბით მომეწონებინა თავი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილი იყო. ადამიანის მთავარი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაც ბავშვობაში და საკუთარი ოჯახიდან ხდება. ამ მხრივ, ისევ ბებოს თუ დავუბრუნდები, მისგან ისეთი თვისებები გადავიღე, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, უანგარო სიკეთე და შრომისმოყვარეობა.
- მომავალი პროფესიაც ამავე მიზეზით აირჩიეთ?
- ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ ხელოვნება იყო ის, რაც ცხოვრების მამოძრავებელ ძალას, სიმშვიდეს და თავისუფლებას მაძლევდა. ასეთი პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. სკოლის მერე მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე და დღეს მხატვარ-მოდელიერი ვარ.
- ძირითადად რას და ვისთვის ქმნით?
- საკუთარი დიზაინით ვქმნი კაბებს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ძირითადად ნატურალური მასალით ვქსოვ და ვკერავ. განსაკუთრებით მიყვარს განსხვავებული სამოსის შექმნა. გამოფენებში არაერთხელ მაქვს მონაწილეობა მიღებული.
- რომელიმე გამოფენა თუ დაგამახსოვრდათ?
- რუსთავში ხელნაკეთი აქსესუარები მქონდა წარდგენილი. იმ ღონისძიების მიზანი ხელოვანი ქალბატონების უკეთ წარმოჩენა იყო. მასში, ჩემ გარდა, კიდევ 11 ხელოვანი იღებდა მონაწილეობას. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველი ქალი სილამაზის აღქმისა და შექმნის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა.
- გარდა სამოსისა და აქსესუარებისა, რისი კეთება გიყვართ?
- ხელოვნება იმდენად ჩემი სფეროა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ყოველმხრივ მინდა გამოვცადო. გარდა სამოსისა და აქსესუარებისა, ვაკეთებ ლამაზ ზარდახშებს, მისალოც ბარათებს, ხელჩანთებს. რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა გარემოში გიწევს ცხოვრება, ამიტომ მიყვარს, როდესაც სახლის ინტერიერს ჩემივე დიზაინით ვაფორმებ. ახლახან შემოდგომის ფოთლებით შევქმენი კომპოზიცია, რომელიც ნებისმიერ სახლს გაალამაზებს.
- ნამუშევრების რეალიზებას როგორ ახერხებთ?
- სოციალურ ქსელებში მაქვს ორი გვერდი, სადაც ნამუშევრებს ვათავსებ და შეკვეთებსაც ვიღებ. კიდევ, მიყვარს, როდესაც ჩემს ნამუშევრებს საყვარელ ადამიანებს ვჩუქნი და ამით მათ გულს ვახარებ. ამ დროს თავადაც განვიცდი ბედნიერებას.
- ორიგინალურ სამოსს პატარებისთვისაც ქსოვთ?
- ახლახან ჩემს გვერდზე ზამთრის ღუნღულა, ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები გამოვფინე. პატარებისთვის იმდენად მომწონს ნაქსოვი ნივთები, რომ ზაფხულში, გოგონებისთვის მოვქსოვე სხვადასხვა დიზაინის, ლამაზად გაფორმებული სანდლები, რომელიც ბევრს მოეწონა.
- როგორც ვხედავ, მუზა არ გაკლებთ წყალობას...
- იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი. ზოგჯერ წინასწარ არ ვიცი რას გავაკეთებ და ესა თუ ის იდეა შექმნის პროცესში მიჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ერთგვარი თერაპიაცაა. ნებისმიერი ნივთის შექმნაში შემიძლია მთელი სული და გული ჩავდო. ყოფილა შემთხვევა, მუშაობისას დროის შეგრძნება დამიკარგავს.
- ხელსაქმის გარდა რა განიჭებთ სიამოვნებას?
- ლამაზი ყვავილები ჩემი სისუსტეა. მიყვარს ლამაზად მოვლილი ბაღები, სადაც ყველაფერი ნატურალურია და შენი ხელით მოყვანილი. რა ჯობს იმას, როცა დღის ბოლოს შენი შრომის ნამოქმედარს უყურებ! ამ დროს დაღლილობა და ყველანაირი პრობლემა გავიწყდება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ჭკვიანი და კეთილია ადამიანი, მით უფრო მეტ სიკეთეს ამჩნევს გარშემო და ადამიანებში. სხვისი ღირსება რომ შენიშნოს, ადამიანი თვითონ უნდა იყოს ღირსების მატარებელი.
- ის, რასაც დღეს აკეთებთ, ბევრს მოსწონს...
- ხალხის თბილი სიტყვები და შექება ძალიან მაგულიანებს. ვაფასებ ნამდვილ მეგობრებს და მიხარია, როდესაც ისინი „ხელმარჯვეს“ და „ოქროსხელებას“ მეძახიან. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა მათ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, ვუთხრა: მიყვარხართ და მადლობა ღმერთს, რომ მყავხართ და მეიმედებით...