შეიძლება თირკმელი გაუჩერდეს – მოშიმშილე დეპუტატის მდგომარეობა გაუარესდა

ხოშტარია იმ დრომდე აპირებს შიმშილობის გაგრძელებას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რეგულარული გადასხმების გარეშე პარლამენტის მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეიძლება თირკმელი გაუჩერდეს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ექიმები.
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 13 დღის წინ დაიწყო, საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
„ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს“, – დაწერა ხოშტარიამ.
დეპუტატის თქმით, მას ჰოსპიტალიზაცია შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა და მხოლოდ გადასხმების გაკეთებას დათანხმდა.
„დავთანხმდი გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს“, – დაწერა ხოშტარიამ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ.
„მე გაჩერებას არ ვაპირებ!“ – განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს გამოაცხადა. მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებდა. შიმშილობის 13 დღის მანძილზე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.
ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
კვირას შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის კიდევ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც.
ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და აუცილებლობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ამ დროისათვის ექს-პრეზიდენტი №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს.