თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებში ნაჩვენები მოქმედება შეიძლება თამამად შეფასდეს, როგორც წამება, განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ.
სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ექს-პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში ითხოვდნენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და თანამებრძოლები. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ვიდეოკადრებიდან ორი ეპიზოდი გაავრცელა. ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ ის ძალით შეჰყავთ ციხის კლინიკაში, მეორეში კი, რომ უარს აცხადებს ამ კლინიკაში შესვლაზე და ეჩხუბება ბადრაგს.
„ძალიან ვნერვიულობთ, რომ უკრაინის მოქალაქე ასეთ მდგომარეობაშია. დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და მნიშვნელოვანია მისი შესაფერის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ის ქმედებები, რომლებიც ვიდეოკადრებში ჩანს, თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც წამება. უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია: ის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს“, – განაცხადა დენისოვამ.
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა და ის ექს-პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს. დენისოვას თქმით, მან საჭირო განცხადებები უკვე გაგზავნა იუსტიციის სამინისტროში, თუმცა ჯერ პასუხი არ მიიღია.
„ნებისმიერ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილზე დაუყოვნებლივ მივაწვდით (უკრაინის) პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს... უნდა მივიღო დეტალური ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატების ან ექიმებისგან“, – აღნიშნა დენისოვამ.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.