შემდეგი სხდომა სააკაშვილის საქმეზე 2 დეკემბერს დაინიშნა

დღეს სასამართლოს ხდომა სააკაშვილის გარეშე ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სასამართლოს შემდეგი სხდომა „პიჯაკების საქმეზე“, რომლის ფიგურანტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, 2 დეკემბერს დაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
სასამართლო პროცესი „პიჯაკების საქმეზე“ ბრალდებულის გარეშე ჩატარდა. როგორც წინა საქმის განხილვისას, პენიტენციურმა სამსახურმა მის ეტაპირებაზე ისევ უარი განაცხადა იმავე მოტივით – პროვოკაციების მოწყობის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საშიშროების გამო.
ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, პენიტენციურ სამსახურს არა აქვს უფლება, პირს სასამართლოზე დასწრება აუკრძალოს იმ სასაცილო მიზეზით, რაც მათ დაასახელეს.
ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პიჯაკები მიიტანეს – სააკაშვილის მხარდამჭერთა პერფორმანსი
მოსამართლემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სასამართლო გარჩევა არ ჩატარდება პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ამას დაცვა ვარაუდობდა.
საქმე ეხება სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.