აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა მოაწყვეს ბარათაშვილის ხიდისკენ, იქიდან კი ორთაჭალისკენ გაემართნენ მარჯვენა სანაიროს გავლით და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქტივისტები სკანდირებდნენ ექს-პრეზიდენტის სახელს და ასფალტზე ტოვებდნენ წარწერას „თავისუფლება მიშას“. ამასთან, მომიტინგეებს წინ მიჰქონდათ დიდი პლაკატი წარწერით „არ მოკლა!“.
ორთაჭალიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს გავლით მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ, სადაც დაასრულეს დღევანდელი აქცია.
მსვლელობისას მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის გაძლიერებული რაზმები, შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები და საპოლიციო წყლის ჭავლის მანქანები. ვითარებას ადგილზე პირადად აკონტროლებდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.