„ნაციონალური მოძრაობა“: მოვუწოდებთ შსს-ს, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსებას, აცხადებენ პარტიაში.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად – ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
დღეს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობის გადაკეტვას და დედაქალაქის პარალიზებას გეგმავს. როგორც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მოსახლეობას შეექმნება დისკომფორტი, მაგრამ „ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის“.
შსს: გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს
ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დილით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში კი საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემოხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე. წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისთვის შესაძლებობის მიცემა – მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება“, – ნათქვამია „ნაცმოძრაობის“ განცხადებაში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შსს-ს განცხადებას მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსება უწოდეს და აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველა მოქალაქეს გააჩნია.
ოპოზიციამ პერმანენტული აქციების დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მათი ძირითადი მოთხოვნებია თავდაპირველად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციის აქცია, რომელიც 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.