დაუდასტურდა თუ არა სააკაშვილს კორონავირუსი - PCR ტესტის პასუხი ცნობილი გახდა

№18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის კორონავირუსზე ტესტირება მაშ შემდეგ გადაწყდა, რაც აღნიშნული დაწესებულების დირექტორს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
სააკაშვილს, პრევენციის მიზნით PCR-ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს დავით დარასელიას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ჩატარებული PCR ტესტის შედეგად COVID-19 არ დაუდასტურდა“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს უწყების პრეს-სამსახურში „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, რომ დარასელიას ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ პენიტენციური სამსახურის ყველა თანამშრომელს დაწესებულებაში შესვლამდე ტესტირება უტარდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა განაცხადეს, კორონავირუსის საფრთხე ექს-პრეზიდენტსაც ემუქრებოდა.
სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ექს-პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში ითხოვდნენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და თანამებრძოლები.
ციხის საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.