თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში 15–16 ნოემბერს კონცერტებს გამართავს.
საკულტო ანსამბლმა მაყურებლისთვის ახალი პროექტი მოამზადა, რომელიც აერთიანებს სამ ქორეოგრაფიულ დადგმას: „არტეფაქტები", „ტრანსფორმაცია", „ქარაბშა“. ბოლო ცეკვა ანსამბლის უახლესი პროგრამაა, რომელშიც გამოყენებულია უძველესი საცეკვაო მოტივები.
რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, „ტრანსფორმაციას“ ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურებები. ამ პროექტში ფოლკლორის ელემენტები კლუბურ სტილთანაა შერწყმული, რაც მას განუმეორებელს ხდის. პროექტ „არტეფაქტებზე“ მოცეკვავეები სამი თვე მუშაობდნენ.
„სუხიშვილების“ დამფუძნებლებმა – ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს შექმნეს. ეს საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი იყო.
დღეს მას სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა უძღვება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი - ნინო სუხიშვილი.
ანსამბლში ჩატარდა ინოვაციური რეფორმა, რომელიც ახლოსაა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანსამბლი ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიას არ ღალატობს. ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.