თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თბილისში სტამბოლიდან ჩამოიყვანა მჩხიბავი, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ჯადო გაუკეთა“, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მჩხიბავი სტელა სტამბოლიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს და „ჯადოს გაკეთება“ პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დაგეგმეს.
მათივე ინფორმაციით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ითხოვს იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ დააკავეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ჯადოს არ მოხსნიან.
„ჯადო გააქტიურებულია და არ მოიხსნება მანამ, სანამ ჩვენი პარტიის წევრებს არ გაათავისუფლებთ“, - ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე.
პარტიაში აცხადებენ, რომ „სტელა მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის“.
პოლიციამ 12 ნოემბერს ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" სამი აქტივისტი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ მორიგი დაუმორჩილებლობის აქტი ჩაატარეს და თავიანთი ავტომობილებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები დაბლოკეს.
ამით მათ გააპროტესტეს თბილისში 10 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანის დაკავება.
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ორიგინალურობით გამოირჩევა და ხშირად მართავს სხვადასხვა სახის აქციებს და პერფორმანსებს.