თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

აქციის ორგანიზატორები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასაც ითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.
აქციაზე ჯერჯერობით რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ოპოზიციის და მოძრაობა „სირცხვილიას“ მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია. 14.11.2021
დღევანდელი აქცია ორი ძირითადი მოთხოვნით მიმდინარეობს - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, პარლამენტთან შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც შეეცდებიან ხელისუფლებამდე მიიტანონ თავიანთი პროტესტი და მოთხოვნები.
„დღევანდელი აქციით სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ვითხოვთ ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს. ამ არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული რესურსის, სუს-ისა და ყველა მექანიზმის გამოყენებით მოახდინა გავლენა მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე“, - განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, ის ვითარება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება, წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეთა სიცოცხლე.
ოპოზიციის და მოძრაობა „სირცხვილიას“ მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია. 14.11.2021
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.