რაგბი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან ტესტ-მატჩში დამარცხდა

საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს - ფიჯისთან შეხვედრა მადრიდში გაიმართება
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბორდოში გამართულ ტესტ-მატჩში საფრანგეთთან ანგარიშით 15:41 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი მასპინძლებმა გადაწყვიტეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, რომელიც ანგარიშით 24:3 მოიგეს. „ტრიკოლორებმა“ მოაწყვეს ოთხი წარმატებული ლელო და ორი გარდასახვა. ქართველმა მორაგბეებმა დავით ნინიაშვილის მიერ შესრულებული ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.
შესვენების შემდეგ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. ვასილ ლობჟანიძემ მეტოქეს ბურთი ჩათვლის ზონაში დაუდო, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ საფრანგეთმა კვლავ გაზარდა უპირატესობა წარმატებული ლელოსა და გარდასახვის წყალობით.
საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე აკაკი ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრის ბოლოს საქართველოს ჩათვლის ზონაში ორი ლელო დაამიწეს.
შედეგად შეხვედრა ანგარიშით 15:41 დასრულდა, საქართველოს ნაკრები კი საფრანგეთთან ისტორიაში მეორედ დამარცხდა. პირველად გუნდები ერთმანეთს 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, მაშინ ფრანგებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 64:7.
20 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ფიჯისთან გამართავს. შეხვედრა მადრიდში გაიმართება.