დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს

უწყების ინფორმაციით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის მედიკოსების ზედამხედველობას საჭიროებს.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
„მსჯავრდებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს COVID-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR-ტესტირება და კორონავირუსი დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, მისი ძმა გლდანის ციხის საავადმყოფოში უკვე სამი წელია იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ამავე დაწესებულებაში ორშაბათს გადაიყვანეს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად 45-ე დღე შიმშილობს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.
მიმდინარე წლის ივნისში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.