მოძრაობამ „სირცხვილია“ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გამართა - ვიდეო

ოპოზიციის ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოძრაობა „სირცხვილიაც“ შეუერთდა, რომელმაც კვირა საღამოს პარლამენტთან მიტინგი გამართა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო აქციიდან
Sputnik
აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „სირცხვილიას“ აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, პარლამენტთან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები, მსახიობები და მომღერლები შეიკრიბნენ, რათა ხელისუფლებას თავიანთი პროტესტი და მოთხოვნები მიაწვდინონ.
მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს ფარულად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. სამშობლოში მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ, ახლა სასამართლოშია.
ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფალსიფიცირებულად, ხოლო თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, რომელიც უკვე 44 დღეა გრძელდება. მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ასევე გამოაცხადა შიმშილობა.