თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს დროს დაიწყებს ახალი კანონის „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ განხილვას, რომელიც საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს ისტორიული გვარების აღდგენის საშუალებას მისცემს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.
„ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის კანონპროექტის მიღების შემდეგ გაჩნდება ავთენტური გვარის მინიჭების მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესების გამო“, - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში ეთნიკური უმცირესობებისთვის ისტორიული გვარების დასაბრუნებლად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და იუსტიციის მინისტრს წარუდგენს იმ ერების სიას, რომელთა გვარები ისტორიულად შეიცვალა.
ასევე, კომისია შეიმუშავებს ისტორიული გვარების აღდგენის მეთოდოლოგიას.
ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს: იყოს საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1993 წლამდე საქართველოში და წარმოადგინოს ეთნიკური კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, მისი დამტკიცება ჯერ კომიტეტებში უნდა მოხდეს, შემდეგ კი დეპუტატებმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღონ.