თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან ზამთრის დღესასწაულების ფართომასშტაბიან აღნიშვნაზე ქვეყანაში COVID-19-ის მზარდი შემთხვევების ფონზე.
„ყველა მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მონაწილეობა მიიღოს საშობაო წვეულებებში თუ კარნავალში ამ ზამთარს“, - განუცხადა ბასმა (SPD) შაბათს მედიაჯგუფ Funke-სთან საუბრისას.
ბასმა დასძინა, რომ ასეთ ღონისძიებებზე „2G-ს წესი“ (მხოლოდ ვაქცინირებულთა და კოვიდ-გადატანილთა დაშვების შესახებ) თავის თავად უნდა იგულისხმებოდეს. მან მოუწოდა „ყველას თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი დღესასწაულებისგან".
თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა.
„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ქვეყნის მასშტაბით რეგულაცია იქნება მიღებული. ჩვენ აღარ უნდა დავაბნიოთ მოსახლეობა", - განუცხადა ზეეჰოფერმა გაზეთ Augsburger Allgemeinen Zeitung-ს.
მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოქმედოს პანდემიასთან საბრძოლველად აუცილებელი ზომების შემუშავებაზე. ზეეჰოფერის თქმით, „პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, აქ ვერავინ ვერაფერს მოიგებს, მაგრამ ბევრს შეუძლია ბევრი რამე დაკარგოს“.