თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსის გართულებით 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რეჟისორის მეუღლემ, მანანა ხიდაშელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.
ერმალო მაღრაძეს ახალი კორონავირუსული ინფექცია ოქტომბრის თვეში დაუდასტურდა, 4 ნოემბერს კი ის კლინიკაში გადაიყვანეს. ის მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში მეუღლესთან ერთად გადიოდა.
როგორც კოვიდცენტრში აცხადებდნენ, პაციენტს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა და ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერმალო მაღრაძე 1943 წლის 14 დეკემბერს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით.
1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.