დასახელდა შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოების დაწყების თარიღი

ინვესტორი კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმოსამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ავსტრიული კომპანია OMV Petrom საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოძიებას 2022 წლის მაისში დაიწყებს, იტყობინება საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო.
საქართველო და ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV Petrom S.A.-მ 2021 წლის აპრილში ხელი მოაწერა შეთანხმებას შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოძიების და მოპოვების შესახებ.
საქართველომ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან  ხელშეკრულება გააფორმა
დოკუმენტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კვ.კმ), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
ავსტრიულმა კომპანია OMV PETROM S.A.-მ 2020 წლის ზაფხულში საქართველოს სანაპიროზე შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვების ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმოსამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე, მაგრამ წინასწარი შეფასებით, ის დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაჯდება.
საქართველოში ნავთობის მოპოვება მესამედით გაიზარდა
კომპანია არის ავსტრიული ჰოლდინგ OMV-ს (Österreichische Mineralölverwaltung Aktiengesellschaft) ნაწილი, რომელიც 1956 წელს დაარსდა. ეს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი მეორე კომპანიაა სიდიდით ავსტრიაში, ხოლო ევროპაში - მეათეა.
კომპანიას უკვე აქვს ნავთობის საბადოების აღმოჩენის წარმატებული გამოცდილება. კომპანიამ რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა „დომინოს“ საბადო, რომლის რესურსის ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ნავთობის მსოფლიო ფასი სწრაფად იზრდება
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებითა და მოძიებით ამჟამად 11 ინვესტორი კომპანიაა დაკავებული, რომლებმაც ტენდერების შედეგების საფუძველზე მთავრობასთან პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ 25 ხელშეკრულება გააფორმეს.