თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა და წინასწარ შედეგებთან შედარებით უცვლელად დატოვა.
ცესკოს სხდომა გაიმართა საპროტესტო აქციის ფონზე, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრიბა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და უნდობლობა გამოუცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ოფიციალური შედეგების მიხედვით, 20 მერის პოსტიდან 19-ს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დაიკავებენ, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
შედეგების შეჯამებამდე ცესკომ განიხილა ოპოზიციის საჩივრები, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებას 16 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოითხოვდა. მათი თქმით, ამ მუნიციპალიტეტებში არჩევნები გაიმართა სერიოზული დარღვევებით და არ ასახავენ ამომრჩეველთა ნებას.
ცესკომ ოპოზიციური პარტიების საჩივრებს უსაფუძვლო უწოდა. პასუხად ცესკოს ყველა ოპოზიციონერმა წევრმა სხდომა ოფიციალური შედეგების შეჯამებამდე დემონსტრაციულად დატოვა.
„ეს არის კრიტიკული სიტუაცია, რასაც ადეკვატური მოქმედება სჭირდება და ამ შემთხვევაში მე ადეკვატურად სხდომის დატოვებას მივიჩნევ. ამ არჩევნებს ზოგიერთ საკითხში ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს", - განაცხადა სხდომის დატოვებამდე ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართა.