თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა, ფრენები ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ფრენების სიხშირე გაიზრდება, თუ მოთხოვნა იქნება, აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანებაში.
ფრენები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L-410-ით ხორციელდება. პირველი რეისის მგზავრები ძირითადად უცხოელები იყვნენ. ფრენის დრო დაახლოებით ნახევარი საათია.
რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მესტიის აეროპორტი მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავებს იღებს. 2014 წელს თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის დასახელდა. აეროპორტი 2010 წელს გაიხსნა და მომსახურების 10 წლის განმავლობაში 45 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
შიდა ფრენები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაუქმდა და მათი აღდგენა ცოტა ხნის წინ ეტაპობრივად დაიწყო.