თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა და მას უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება მალე დაბრუნება სთხოვა უკრაინაში, იუწყება უკრაინული მასმედია.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე. მან დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობა გამოაცხადა, თავს პოლიტპატიმარი უწოდა, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – ფაბრიკაცია. ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.
„მან (ზელენსკიმ) მომისმინა და თქვა, რომ ამ საკითხზე ტელეფონით ილაპარაკებს", – ციტირებენ უკრაინული მედიასაშუალებები კიკაბიძეს.
კიკაბიძემ აღიარა, რომ სააკაშვილის მიმართ თბილი გრძნობები აქვს და მისი სიცოცხლის გამო შიშობს.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე კიკაბიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი უკრაინის მხარის ინიციატივით შედგა. ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ზელენსკის განუცხადა, რომ სააკაშვილი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას უწევენ. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა. მას დაკავების დღიდან 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს, აღნიშნა, თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ.