თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
2018 წლიდან პარიზის მშვიდობის ფორუმი აერთიანებს სახელმწიფოს მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მინისტრებს, კომპანიების ლიდერებს და გამოჩენილ აქტივისტებს.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე „საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (Preserving International Cooperation in the Age of Unpeace).
საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელით ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას.
რიგით მეოთხე პარიზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 53 ქვეყნის ლიდერი. 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით ისინი იმუშავებენ იმაზე, რათა იპოვონ გზები COVID-19-ის კრიზისის გამო გაზრდილი სოციალური უფსკრულის დასაძლევად და ყოვლისმომცველი და სოლიდარული ხასიათის ეკონომიკური აღდგენის ინიცირება მოახდინონ.