საქართველოს ელჩი კიევში კვლავ დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში სააკაშვილის საკითხზე

უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის უფლებების დაცვას
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი ხუთშაბათს გამოიძახეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განუმარტეს, რომ დაუშვებელია ფიზიკური ძალის გამოყენება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია, იუწყება უკრაინული სამინისტროს პრესსამსახური.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების ორი ეპიზოდი გაავრცელა. ერთზე ჩანს, რომ ის ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და შეიყვანეს ციხის საავადმყოფოში, მეორეზე - როგორ აცხადებს უარს კლინიკაში შესვლაზე სააკაშვილი და შეურაცხყოფას აყენებს ბადრაგს.
საქართველოს ელჩი კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც „საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად“.
გარდა ამისა, 11 ნოემბერს სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში შეიტანა განცხადება ექს-პრეზიდენტის მიმართ ძალის გამოყენების შესახებ ციხიდან საავადმყოფოში ეტაპირების დროს.
როგორ შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში: ვიდეო
„სისხლის სამართლის სხვადასხვა პროცესებზე ადამიანების დაცვის დროს ბევრი სიტუაცია მინახავს, მაგრამ არ მახსენდება არცერთი მსგავსი იმისა, როგორც ახლა აბუჩად იგდებენ უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ციხეში. ჩვენ არ შეგვიძლია არ მოვახდინოთ რეაგირება დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის მიმართ ხორციელდება“, - დაწერა ადვოკატმა თავის Facebook-გვერდზე.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 29 სექტემბერს არალეგალურად გადმოკვეთა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.