საქართველო და კვიპროსი ერთობლივ საზღვაო კომიტეტს შექმნიან

ქართული მხარე დაინტერესებულია კვიპროსელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველო და კვიპროსი შექმნიან ერთობლივ საზღვაო კომიტეტს, რომელიც საზღვაო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა კვიპროსის სანაოსნოს მინისტრ ვასილიუს დიმიტრიადისთან. შეხვედრაზე მხარეებმა მოილაპარაკეს კომიტეტის შექმნაზე, რომელიც გადაჭრის ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებს საზღვაო ვაჭრობის შეთანხმების კუთხით.
კვიპროსზე ვიზიტის ფარგლებში იოსელიანი შეხვდა კვიპროსის სანაოსნოს პალატის წევრებს და ქართველი მეზღვაურების უმსხვილესი დამსაქმებლის, კომპანია Columbia Ship Managemant-ის წარმომადგენლებს.
კვიპროსმა საქართველოს ქართული მონასტრის მშენებლობისთვის მიწა საჩუქრად გადასცა
ამ შეხვედრებზე განიხილეს პანდემიის გავლენა საზღვაო ტრანსპორტის სექტორზე და წარმატებული გამოცდილება კრიზისის დაძლევაში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პოზიტიური გამოცდილება ქართველი მეზღვაურების როტაციისა და ვაქცინაციის კუთხით.
ქართულმა მხარემ კვიპროსელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების ინტერესი გამოთქვა და აღნიშნა, რომ განიხილავს მეზღვაურთა განათლების, კვლევებისა და ინოვაციების დანერგვის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს კვიპროსზე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელს ანნიტა დიმიტრიუს და სხვა ოფიციალურ პირებს.