თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე.
სააკაშვილის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ მოითხოვა მისი ადეკვატური მკურნალობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება მისი მდგომარეობის შესახებ. სასამართლომ თავად სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღარ ილაპარაკებს პატიმრებზე, რადგან ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და მხოლოდ ამ თემებზე აქვს ყურადღება კონცენტრირებული.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ის, ადვოკატების განცხადებით, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.