კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „დაბალი ნიშანი არასოდეს დამიწერია“

რუბრიკა „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ ცდილობს გაგაცნოთ ისინი, ვისაც ქვეყანაში მომავალი თაობის აღზრდა ევალება. ამჯერად გაგაცნობთ ლელა ჯინჭველაძეს, რომელიც თბილისის 48-ე საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის, მათემატიკისა და ბუნების მასწავლებელია.
Sputnik
თავის დროზე დირექტორის შვილი იყო იმ სკოლაში, სადაც სწავლობდა, მაგრამ პრივილეგიებით არასოდეს უსარგებლია. ამიტომ სამართლიანობის პრინციპი მისთვის დღემდე მთავარია. თვლის, რომ კარგია მასწავლებელი, რომელიც დროს ფეხდაფეხ მისდევს და ამასთან ძველ ღირებულებებსაც ინარჩუნებს.
ლელა ჯინჭველაძე სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებთან ერთად
- ქალბატონო ლელა, როცა სკოლის მოსწავლე იყავით, გიფიქრიათ, რომ წლების მერე თქვენს სკოლას მასწავლებლის სტატუსით მოევლინებოდით?
- მართალია, მქონდა ასეთი ფიქრი, მაგრამ იმ დროს ჩემში ქიმიკოსმა გადასძალა. პირველი პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ, მერე პედაგოგიური დავამთავრე. ქიმიის საგანი ძალიან მიყვარდა. 48-ე სკოლაში დავამთავრე ქიმია-ბიოლოგიის დიფერენცირებული კლასი, რომელიც ნაძალადევის რაიონში ერთადერთი იყო. დღეს ბევრი ჩვენი კურსდამთავრებული ცნობილი და წარმატებული ექიმია.
ლელა ჯინჭველაძე
- როგორი მოსწავლე იყავით და, როგორც დირექტორის ქალიშვილი, გარკვეული შეღავათებით თუ სარგებლობდით?
- მე, დიახ, სკოლის იმდროინდელი დირექტორის სვეტლანა ჯერვალიძის ქალიშვილი, ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი. როგორც დირექტორის ქალიშვილი არანაირი პრივილეგიით არ ვსარგებლობდი. ამას დედაჩემი ძალიან ეწინააღმდეგებოდა. დასტურად შემიძლია გავიხსენო რამდენიმე მაგალითი. როცა დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი, დედაჩემმა ჩემი ფოტო ხუთოსნების დაფაზე არ გამოაკრა. ეს იმით ახსნა, კარგი ნიშნები ალბათ მასწავლებლებმა ჩემი ხათრით დაუწერესო. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მაშინ ძალიან მეწყინა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთხელ გავიგე, როგორ მიმართავდა კოლეგებს – თუ პატივს მცემთ, ჩემს შვილს, როცა ხუთიანი ეკუთვნის, ოთხი დაუწერეთ, ხოლო თუ „კარგს“ იმსახურებს, მაშინ „დამაკმაყოფილებელიო“, რადგან ასე უფრო კარგად ისწავლისო. ახლა თავად განსაზღვრეთ, ვსარგებლობდი თუ არა პრივილეგიებით...
ლელა ჯინჭველაძე
- თქვენი საყვარელი მასწავლებელი ვინ იყო, ვისაც დღემდე ბაძავთ?
- ყველა მასწავლებელი განსაკუთრებულად მიყვარდა, ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო თავისი პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული ადამიანური ღირებულებებით. კოლექტივში იყო ერთსულოვნება, ამ სიტყვის სრული გაგებით. თუმცა მაინც გამოვყოფ ჩემს საყვარელ მასწავლებელს ზამალი დავლიანიძეს. ის დაუღალავი მზრუნველობით გამოირჩეოდა ყველას მიმართ და განსხვავებული ადამიანური მიდგომები ჰქონდა. მას, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, მოსწავლეების ტკივილი სტკიოდა და მათი სიხარული უხაროდა. მახსენდება, როცა ილია ჭავჭავაძის „ელეგიას“ გავდიოდით, რატომღაც იმ დღეს არ ვიცოდი გაკვეთილი და მან ჟურნალში ერთიანი დამიწერა, არ მაპატია. მეორე დღეს ისე ვისწავლე, რომ აგერ უკვე 45 წლის ვხდები და დღემდე თავიდან ბოლომდე მახსოვს. მოკლედ, ზამალი დავლიანიძე ჩემთვის მასწავლებლობის ეტალონი იყო. დღეს ვცდილობ, როგორც პედაგოგმა, მას მივბაძო ხოლმე.
ლელა ჯინჭველაძე მოსწავლეებთან ერთად სკოლის ღონისძიებაზე
- თავად თუ დაგიწერიათ დაბალი ნიშანი მოსწავლისთვის?
- დაბალი ნიშანი არასოდეს დამიწერია. ბოლო წლებში დაწყებით კლასებში ნიშნებით შეფასება საერთოდ მოხსნეს, რაც ბევრი მიზეზის გამო გამართლებულად მიმაჩნია. ვცდილობ თითოეული მათგანის შრომა შევაქო და ამით მოტივაცია მივცე. შენიშვნას დიდი სიფრთხილით ვაძლევ. პირველ რიგში, ვცდილობ მათი მეგობარი-მასწავლებელი ვიყო და ყველა ბავშვს სიყვარულით მივუდგე. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე კარგად ვისწავლე, რომ ბავშვებთან ყველაფერს გულწრფელი სიყვარულით მიაღწევ.
ლელა ჯინჭველაძე მოსწავლეებთან ერთად
- პირველ გაკვეთილზევე მიხვდით, რომ ამ პროფესიაში დარჩებოდით მთელი ცხოვრება?
- როგორც მასწავლებელს, ჩემი პირველი დღე სკოლაში კარგად მახსოვს. მაშინ პირველი შვილი ათი თვის მყავდა და მის მიმართ მეტისმეტად დიდ სიყვარულს ვავლენდი. თუმცა როგორც კი საკლასო ოთახში ფეხი შევდგი, მე, ახალგაზრდა დედას, ხუთი გაკვეთილის მანძილზე შვილი საერთოდ არ გამხსენებია. აი, მაშინ მივხვდი, რომ მასწავლებლობა სწორედ ის საქმეა, რომელიც ჩემია, სკოლა კი ადგილი, სადაც მინდოდა მთელი გულით და დაუღალავად მემსახურა. ჩემი მოსწავლეები ძალიან მიყვარს და მათ მიმართ დედასავით მზრუნველი ვარ.
ლელა ჯინჭველაძე გაკვეთილზე
- რას შეცვლიდით სასწავლო პროგრამაში?
- ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში ბევრ რამეს შევცვლიდი. მასში ქართულ ხასიათზე მორგებულ სიკეთეზე, ვაჟკაცობასა და სიყვარულზე დაწერილ უფრო მეტ ნაწარმოებს შევიტანდი. რათა შემდგომში უფრო კარგად იცოდნენ, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი და სადაც უნდა წავიდნენ, თავისი ქვეყანა და ეროვნება ღირსეულად როგორ წარმოაჩინონ.
- რაიმე უხერხული სიტუაცია თუ გახსენდებათ და როგორ მოქცეულხართ?
- ახლა უცებ გამახსენდა ერთი შემთხვევა: გაკვეთილზე, მოულოდნელად დავაცემინე და ერთმა მოსწავლემ მითხრა – მასწავლებელო, დაბერებაო. ამაზე სხვა მოსწავლეები გადაირივნენ: ასე როგორ აკადრე მასწავლებელსო. მოკლედ, ამის გამო ერთმანეთში კამათი დაიწყეს. მე ცოტა ხნით გავაჩერე გაკვეთილი და ამ ბავშვს მადლობა გადავუხადე. დანარჩენებს კი ავუხსენი, რომ, სამწუხაროდ, ამ ქვეყნად ყველა არ ბერდება და როცა ბერდები, ეს უდიდესი ბედნიერებაა, ოღონდ, ღმერთს ვთხოვ, ჯანმრთელად დამაბეროს–მეთქი.
სასკოლო ღონისძიებაზე მოსწავლეებთან ერთად
- წერილებს თუ გწერენ მოსწავლეები?
- როცა მეორე კლასის მოსწავლისგან ელენე რობაქიძისგან მივიღე თბილი წერილი, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მისი კითხვის დროს თვალზე ცრემლები მომადგა – ეს ხომ გულიდან და სულიდან ამოსული სიტყვები იყო! მისთვის არავის დაუძალებია ამის დაწერა. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ასეთი წუთებისთვის ღირს პედაგოგობა...
ლელა ჯინჭველაძე
- თქვენი აზრით, უპირობოდ კარგი მასწავლებელი ვინ არის?
- კარგია მასწავლებელი, რომელსაც გულით უყვარს თავისი მოსწავლეები და თავის საქმეს ღირსეულად ემსახურება. ცდილობს მუდამ განვითარდეს, დროს ფეხდაფეხ მისდიოს და ამასთან ძველ ღირებულებებსაც ინარჩუნებს. კარგია მასწავლებელი, რომელიც სამშობლოს ღირსეულ მოქალაქეებს უზრდის. ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და, ვფიქრობ, ვახერხებ კიდეც. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მოსწავლეები ამაგს მიფასებენ, ვახსოვარ და უკვე დიდი ხნის სკოლადამთავრებულები ჩემ სანახავად მოდიან. ასეთ დროს უფრო კარგად ვხვდები, რომ ჩემი პროფესია ყველაზე ადამიანური და კეთილშობილურია...