თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება მისი მდგომარეობის შესახებ 24 ნოემბრამდე. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას აცნობეს, რომ სააკაშვილის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სააკაშვილის №18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.
„სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის დაკისრების ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა", – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ.
მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალდებულა, ასევე სასამართლოსთვის ინფორმაციის ყოველდღიური მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველყოს სააკაშვილის ადეკვატური რეაბილიტაცია და მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, ამჟამად უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.