თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი საქმის მთავარი ფიგურანტის – საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩატარდება, განაცხადეს სააკაშვილის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განაახლებს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და „ტელეიმედის" დარბევის, ასევე პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე სასამართლო მოსმენას.
ადვოკატების თქმით, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია, უარს აცხადებს სააკაშვილის ეტაპირებაზე სასამართლოში.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, სააკაშვილი ინფორმირებული არც კი ყოფილა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციამ სასამართლოდან შესაბამისი უწყება მიიღო.
„ერთ საათში სასამართლო პროცესი იწყება. პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ეტაპირებაზე უარს აცხადებს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს მას არც კი უთხრეს, რომ სასამართლოდან მიღებული იყო მოთხოვნა", – განაცხადა ბასილაიამ.
სააკაშვილი ბრალდებულია რამდენიმე საქმეზე – „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.