თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ არ ჩაატარებს აქციებს მრავალპროფილიან საავადმყოფოსთან, თუ იქ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია საუბარი.
„ნაცმოძრაობამ“ 8 ნოემბერს დაიწყო საპროტესტო ტალღა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მაგრამ სააკაშვილის ნებისმიერ ალტერნატიულ მრავალპროფილიან დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში აქციები კლინიკასთან ახლოს არ ჩატარდება.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება იმის თაობაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ არეულობის მოწყობას გეგმავდა.
უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირ განაცხადა, რომ არსებობდა საფრთხე, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს კლინიკა შტურმით აეღოთ მისი გათავისუფლების მიზნით.
სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.