პარლამენტთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ახლა სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს უახლოესი გეგმები გააცნო. ოთხშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში რამდენიმე სამთავრობო უწყების პიკეტირებას აპირებენ.
„ღამის აქცია არ არის სავალდებულო — ეს არარაციონალური და არაპრაგმატულია. მაგრამ დილით მთელი თბილისის მასშტაბით საპროტესტო აქციას მოვაწყობთ“, – განაცხადა მელიამ.
სახელმწიფო უწყებებთან დილის საპროტესტო აქციის შემდეგ, ოთხშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მისვლას აპირებენ, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში რუსთავის №12 ციხიდან ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილი, რომელმაც 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში მოეთავსებინათ. ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.