COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინაციის წახალისება პენსიონერებისთვის – როდის გაიცემა 200-ლარიანი დანამატი

პენსიონერების აცრის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გუშინ მიიღო.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თანხა აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

„ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, 1 და 15 რიცხვში მიეწოდება. სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო ხუთი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს", – განაცხადეს სამინისტროში.

იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერისთვის 2021 წლის განმავლობაში თანხის დარიცხვა ვერ მოესწრება, მას თანხას მომდევნო წლის დასაწყისში ჩაურიცხავენ.
პენსიონერების ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სახელმწიფო პენსიონერებს ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარით წაახალისებს
საქართველოში ბოლო მონაცემებით სულ ჩატარებულია 2.010.783 აცრა.
მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.052.313 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37%. სრულად ვაქცინირებულია 954.991 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,4%. 8 ნოემბერს აიცრა 5.254 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.