ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა: ორივე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ამ დროისათვის ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის პროგრამისტის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აკაკი (აკო) ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში დატოვა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამას გარდა, საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხეები არსებობდა, ამიტომ ბრალდების მხარემ კვლავ პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა და ისინი პატიმრობაში დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებულია მტკიცებულებები და გამოკითხულია ათეულობით მოწმე, დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა, რომელთა პასუხებიც ჯერ არ არის მიღებული. აქედან გამომდინარე სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და გადაავადა წინასასამართლო სხდომის თარიღი. რაც შეეხება ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ პატიმრობას, სასამართლომ აგრეთვე გაიზიარა ის საფრთხეები, რომლებიც მათი მხრიდან მომდინარეა და ორივე ბრალდებული დატოვა კვლავ პატიმრობაში", – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, აკო ჭელიძის ადვოკატმა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია არ დააფიქსირა, გიორგი კავილაძის ადვოკატის თქმით კი პროკურატურის პოზიცია აზრს მოკლებული და დაუსაბუთებელია.
ამ დროისათვის ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ჩემთვის არავის არაფერი დაუკვეთავს – აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად).
აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.