წყლის ჭავლის მანქანა და სამედიცინო დანადგარები: რა ვითარებაა გლდანის ციხეში

ვიდრე თბილისის ცენტრში ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან, პოლიცია ციხის საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილია გადაყვანილი, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. გლდანის №18 დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანა შევიდა, აქვე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც. ამ ინფორმაციას ქართული ტელეარხები ავრცელებენ.
გარდა ამისა, მიტანილია სამედიცინო აღჭურვილობა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე. .
სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული.
სააკაშვილმა შიმშილობა 39 დღის წინ, დაპატიმრებისთანავე დაიწყო.
კახა კუჭავა: არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება
სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება სათანადოდ არ იყო აღჭურვილი. გარდა ამისა, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.