თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება დღის და ღამის ტარიფებით დაითვლება მას შემდეგ, რაც ყველა ობიექტზე ე.წ. „ჭკვიან მრიცხველებს“ დაამონტაჟებენ, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„ჭკვიანი მრიცხველები“ დამონტაჟდება ყველა ახალაშენებულ სახლში, რომლებიც 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ჩაბარდება. „ჭკვიანი მრიცხველი“ მონაცემებს მარეგულირებელს თავად გადასცემს.
ნარმანიას სიტყვებით, საინიციატივო გეგმის თანახმად, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ყველა ძველი მრიცხველი უნდა შეიცვალოს.
„დღევანდელი მრიცხველები არ იძლევა საშუალებას, რომ საათობრივად მოხდეს მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა, რადგან იქ ფიზიკურად უნდა მივიდეს ადამიანი და წაიკითხოს, საათობრივად ყველა მრიცხველთან ფიზიკურად ადამიანი ვერ მივა“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
ნარმანიას თქმით, ღამის საათებში ტარიფები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღის საათებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი აბონენტებისთვის, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია. სიახლე კომპანიებს წაახალისებს, უფრო მეტი ელექტროენერგია დახარჯონ ღამის საათებში, რაც დატვირთვას დასაშვებ ნორმამდე შეამცირებს.
„ახლა 21 კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მათგანმა... გამოცვალა მრიცხველები და დააყენეს სმარტ-მრიცხველები. მაგალითად, რკინიგზა შეძლებს ღამე გადაზიდოს ტვირთების ძირითადი ნაწილი და ეს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე დღის განმავლობაში უფრო მაღალი ტარიფით“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
ნარმანიას სიტყვებით, მრიცხველებს კომუნალური კომპანიები ყოველგვარი დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე, უფასოდ გამოცვლიან.
„ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვის მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვა გამჭვირვალე იყოს.