თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას ციხეში უტარდებოდა, ამიტომაც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, 39 დღის წინ მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
„ჩვენი ნებისმიერი გადაწვეტილება, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, შეიქმნა მზარდი რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.