თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა დაარწმუნონ, რომ ვაქცინაცია შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.
„ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია რეალურად არის გამოსავალი პანდემიის დასრულების. აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სავალდებულო აცრებთან დაკავშირებით ეს პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება არ არის. ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.
„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის", – განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.
7 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.003.963 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.048.619 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,9%; სრულად ვაქცინირებულია 952.248 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,3%.