თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან კონტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის, და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დადგა დრო, რომ პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დადგეს.
„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი. ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წალენჯიხაში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაზეც ისაუბრა და ახლად არჩეულ მერს წარმატება უსურვა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა.
„ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გავაკეთებ წალენჯიხისა და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის... ჩვენ, მთელი მთავრობა, სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საქართველო ახალმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მიტინგები ყველა დიდ ქალაქში იმართება. ოპოზიცია კვლავ უკმაყოფილოა — ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით.
პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ მეტად ამწვავებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ციხეში, რომელიც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს. გარდა ამისა, დღის წესრიგში დაბრუნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ხოლო სააკაშვილი ციხეში დარჩება. ამის პასუხად „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და თავად სააკაშვილმა უკვე დააანონსეს „პოსტარჩევნების რევოლუცია". ხელისუფლებამ ყველა გააფრთხილა, რომ ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება.