თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გლდანის ციხეში უკვე მიემართებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.
„ჩემი წარმომადგენლები გზაში არიან და მალე მივლენ გლდანის ციხეში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შიმშილობის 39-ე დღეს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულთან ახლოსაა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.