თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მეტროს ყველა ხაზსა და სადგურზე სერვისი Face Pay ამოქმედდა, რომელიც მგზავრებს გადახდის საშუალებას აძლევს სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით, განაცხადა მოსკოვის მერის მოადგილემ მაქსიმ ლისკუტოვმა.
„მოსკოვი პირველი ქალაქია მსოფლიოში, სადაც სისტემა ასეთი მასშტაბებით ამუშავდა. საუბარია მეტროს 240-ზე მეტ სადგურზე. Face Pay-ს ანალოგები ხარისხისა და მოხერხებულობის თვალსაზრისით მსოფლიოში არსადაა“, — აცხადებს მერის მოადგილე.
Face Pay სახის ამოცნობის ტექნოლოგიას ეფუძნება და მისი სიზუსტე 95%-ს შეადგენს. ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, ოქტომბრის ბოლოსთვის სერვისით 25 ათასი ადამიანი სარგებლობდა.
ამასთან დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ გადახდის სერვისზე მიბმული ყველა პირადი მონაცემი საიმედოდაა დაშიფრული — ტურნიკეტზე განთავსებული კამერა კითხულობს მხოლოდ ბიომეტრიულ კოდს და არა სახის გამოსახულებას ან სხვა პერსონალურ მონაცემებს.
იმისათვის, რომ მეტროში შევიდეს, მგზავრს არც ბარათი სჭირდება და არც სმარტფონი — საკმარისია მხოლოდ დახედოს ტურნიკეტზე კამერას. საჭირო არ არის არანაირ ზედაპირზე ხელით შეხება, რაც ძალიან მოსახერხებელია.
დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში მგზავრების 10-15 პროცენტი რეგულარულად ისარგებლებს Face Pay-ს სისტემით.