თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გუშინდელი თავდასხმის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზემიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია მასზე თავდასხმის ორგანიზატორების ვინაობა. ამის შესახებ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვდევნით მათ, ვინც გუშინდელი დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ მათ და მალე გავამხელთ მათ სახელებს. <...> ეს ის ხალხია, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა ბანდიტურ სახელმწიფოდ გადააქციოს, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ“, — ნათქვამია ალ-ქაზემის განცხადებაში, რომელსაც ერაყის პრემიერის კანცელარია აქვეყნებს საკუთარ Twitter-ზე.
ალ-ქაზემის თქმით, ერაყში არსებობენ დემოკრატიული გარდაქმნებითა და კორუფციასთან ბრძოლით უკმაყოფილო გარკვეული ძალები, რომლებსაც ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება ჩაეძირათ „ქვეყანა რეგიონულ ომში“.
„ჩვენ შევძელით ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციონერებთან და ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს დაუსხლტეს სასჯელს“, — აღნიშნა პრემიერმა.
ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზემიზე თავდასხმა შაბათ-კვირის ღამით მოხდა. პრემიერის რეზიდენციას, რომელიც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარეობს უცხოეთის საელჩოებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მეზობლად, დანაღმული დრონებით შეუტიეს. ალ-ქაზემი არ დაშავებულა, რის თაობაზეც თავად დაწერა Twitter-ზე.
ტელეარხ Al Arabiya-ს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ბაღდადის ჩრდილოეთი გარეუბნიდანაა გაშვებული, რომელიც დაახლოებით ათი კილომეტრითაა დაშორებული „მწვანე ზონას“. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.